top of page
Untitled-design-2024-09-17T142929.041.jpg

საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც ცენზურა და ‘ოჯახური ღირებულებების’ კანონები ზღუდავს ხელოვნებას

კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

მუხლი 9

image.png

,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ."

 

,,დაუშვებელია არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ." 

ამონარიდი ვენეციის კომისიის დასკვნიდან

104. რაც შეეხება კონსტიტუციური კანონის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, მოცემულ საკითხზეადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლისა და ვენეციის კომისიის წინა დასკვნების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ მოცემული დებულებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დგინდება იმ მიზეზების გამო, რომლებიც წარმოდგენილია ზემოთ და ამ ტექსტის მიღების შესახებ შეთავაზებაც კი საფრთხეს ქმნის, რომ (კიდევ უფრო) გამძაფრდება მტრული და მასტიგმატიზებელი ატმოსფერო ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ საქართველოში. ამრიგად, კომისიის რეკომენდაციაა,საქართველოს ხელისუფლებამ სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღების პროცესი.

2024-2025 წლებში, საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი, ე.წ. „დრაკონული კანონების“ შედეგად, კულტურა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. მისი ბუნდოვანი ფორმულირებები ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები, წიგნები, ფილმები, სპექტაკლები, მუსიკალური ნაწარმოებები აიკრძალოს და დაიგმოს.

ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თანამედროვე ქვიარ ხელოვანების ნამუშევრებს, არამედ მსოფლიო და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დიდ ნაწილს.

ხელოვანები ცენზურისა და თვითცენზურის დილემის წინაშე დგანან, ხოლო ახალგაზრდა ავტორებმა შეიძლება ვეღარ გაბედონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე მუშაობა. 

486108249_1108110494688538_956293125302817660_n.jpg
IMG_7498.jpg

2025 წლის მაისში დათა თავაძის სპექტაკლი „ლიბერტე“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პროსახელისუფლებო მედიამ მას „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ დააბრალა, რასაც მოჰყვა საპატრიარქოს მკაცრი განცხადება და „განკვეთის“ მუქარა. თეატრთან გაიმართა პრორუსული ჯგუფების საპროტესტო აქცია, ხოლო რეჟისორი და დასი ღიად დაუპირისპირდნენ ცენზურის მცდელობას. თეატრის დირექტორმა კამპანია „უნიჭო პროპაგანდად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ სპექტაკლი დისკუსიისა და სრული კონტექსტის აღსაქმელად არის შექმნილი, არა კონკრეტული სცენის გამოკვეთით.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, „გრანტებისა“ და სხვა კანონები საფრთხეს უქმნის როგორც ხელოვანთა საქმიანობას, შედეგიანობას, შემოსავლის წყაროსა და მოტივაციას. აქტიურად დაიწყო მუზეუმებიდან, თეატრებიდან და კულტურის სამინისტროდან ნიჭიერი კადრების უმიზეზოდ, პროტესტში აქტიური ჩართულობის გამო გათავისუფლება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა მმართველი პარტიის მიერ ადამიანების პოლიტიკურად დევნას აძლიერებს.

მაგალითად, 2025 წლის აპრილში კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი, რომელიც 2004 წლიდან იკავებდა ამ პოზიციას. ოფიციალურად, მიზეზად სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა დასახელდა, თუმცა თეატრის დასი და საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი იყო დოიაშვილის აქტიური მონაწილეობა პროტესტში. 

2025 წლის აპრილში კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი, რომელიც 2004 წლიდან იკავებდა ამ პოზიციას. ოფიციალურად, მიზეზად სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა დასახელდა, თუმცა თეატრის დასი და საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი იყო დოიაშვილის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკური პროტესტებში და ანდრო ჭიჭინაძის დაკავების წინააღმდეგ კამპანიაში. 

ხელოვნების სფეროში ხელმძღვანელთა დანიშვნისა და არჩევის პროცესის გამჭვირვალობა, დაფინანსების სამართლიანი განაწილება და რესურსების ხელმისაწვდომობა უკვე წლებია პრობლემად რჩება. მსგავსი გამოწვევები წარსულშიც არსებობდა, ხშირად კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელები პოლიტიკური კავშირებით ინიშნებოდნენ, ხოლო გრანტები და ბიუჯეტური მხარდაჭერა არათანაბრად ნაწილდებოდა. თუმცა 2024 წლიდან, ახალი კანონებისა და საკადრო ცვლილებების ფონზე, სიტუაცია საგრძნობლად გამწვავდა: გაიზარდა პოლიტიკური ჩარევის რისკი, შემცირდა დამოუკიდებელი ხელოვანებისა და ორგანიზაციების ფინანსური შესაძლებლობები, ხოლო ცენზურის საფრთხე უფრო რეალური გახდა.

 2022 წლის აპრილში საქართველოს კინოაკადემიამ გააუქმა სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერება“ დაგეგმილი ჩვენებები თბილისში, კინოს სახლში. როგორც რეჟისორი ამბობს, მიზეზად დასახელდა ფილმის შინაარსი, რომელიც კინოაკადემიის ხელმძღვანელობის შეფასებით „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო და შესაძლოა „საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით გაეყო“. ფილმი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, საქართველოში მისი ჩვენებების შეზღუდვა ცენზურის გამოვლინებისა და ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვის მაგალითად რჩება.

1284_edited.jpg

"ეს ორი ფესტივალი რა საჭიროა?"

2024 წლის ნოემბერში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის „რუსული კანონის“ რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, 19-მა გამომცემლობამ ასოციაცია დატოვა

2025 წლის გაზაფხულზე "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონს წიგნის მოყვარულები ორჯერ, აპრილსა და მაისში ესტუმრნენ

ლიტერატურათმცოდნე ნეკა ნათელაშვილი საუბრობს ახალგაზრდა ხელოვანების პროტესტში ჩართულობასა და გამოწვევებზე

54609809-c8a3-4d51-954b-7ed7ff2f52bf.sized-1000x1000.jpg.webp

2024 წლის დეკემბერში გორის „ხელოვნების სახლმა“ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა სურდა, რაც ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე გამოფენას უკავშირდებოდა

„ხელოვნების სახლის“ შენობა, წლების განმავლობაში ადგილობრივებისთვის ჩვეულებრივ ნაგავსაყრელს წარმოადგენდა. 2016 წელს კი ხელოვანებმა, მოხალისეების დახმარებით, სივრცის მოწესრიგება დაიწყეს. პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ხელოვნების სახლში აქტიურად ეწყობოდა ფესტივალები, გამოფენები, საჯარო შეხვედრები არტისტებთან. შედეგად, ქალაქი კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა.

gori.jpeg
Untitled-design-14.jpg

“ყურადღება!!!

ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ - „არილის“ გამოცემა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება!

როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპებისდაცვას.

„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება."

images-3.jpeg

საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, დღეს ცენზურისა და თავისუფალი ხმების დევნის პრაქტიკა ქართველ ხელოვანებს გაუსაძლის რეალობაში აცხოვრებს. დაფინანსების შეზღუდვა, საკადრო წმენდა და შინაარსის კონტროლი კულტურის მორჩილ ინსტრუმენტად დაქვემდებარებას ემსახურება. 

მსგავსი პრაქტიკა ახალგაზრდა ხელოვანებს ხელს უშლის განვითარებაში, სიახლეების ძიებასა და წარმატების მიღწევაში.

images-3.jpeg
სტატიის ავტორი: ნატალი მთავრიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2025
bottom of page